ახალი ამბები

ბაქრაძე ვაშინგტონში რაისს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 23 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრამდე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო.


”მე დავარწმუნებ საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ სააკაშვილთან გავაკეთე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს, რომ  აფხაზ და ოს ხალხებს საქართველოს ნაწილად აგრძნობინონ თავი და ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ქმედებით, პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც გამოიცა,” – განაცხადა რაისმა.


”მე მქონდა შესაძლებლობა ეს საკითხები საგარეო საქმეთა მინისტრთან ლავროვთან სატელეფონო საუბრისას დამეყენებინა. და შემდეგ ერაყის მეზობლების შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ქუვეითში გაიმართა, მე ისევ დავაყენე ეს საკითხი. და ვიმეორებ, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, სახელმწიფოებს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის. და არ უნდა რჩებოდეს კითხვები საქართველოს მთლიანობისა და საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული ინტეგრაციის მიმართ. უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ სივრცეს უკავშირდება”.


შეხვედრამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო რთულ პერიოდში იმყოფება და ”მთავარი საკითხია, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ცოტა ხნის წინ აღმოვჩნდით კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით”. 


”და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან კონსულტაციების გამართვა და გვინდა ერთობლივი ქმედებების დაგეგმვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაუმჯობესოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შანსები, როგორ განვახორციელოთ სამშვიდობო გეგმა, პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო ინიციატივების ჩათვლით,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”და ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე. დიდ მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასეთი მკაფიო და უპირობო მხარდაჭერის გამო. და მე მართლაც ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ასეთი მკაფიო მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, მათ შორის იმ გამოწვევებს, რომლებიც რუსეთის ცალმხრივი ქმედებების შედეგად შეიქმნა და რომელთაც ჩვენ მივიჩნევთ პოტენციურად ძალიან სახიფათოდ და პროვოკაციულად”.

Back to top button