
არაბული საამირო ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას განავითარებს
საქართველოს მთავრობა 15 აპრილს ხელს მოაწერს შეთანხმებას რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდთან ფოთის პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების თაობაზე.
საქართველოს მთავრობამ ტენდერი ფოთის პორტის და მისი მიმდებარე 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთის 49-წლიანი იჯარით გაცემის თაობაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაქმნელად გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. თავდაპირველად განაცხადები თორმეტმა კომპანიამ შეიტანა, რომელთაგანაც იანვარში ოთხი კომპანია შეირჩა.
27 მარტს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ რას ალ ხაიმას საინვესტიციო ფონდთან წინასწარი შეთანხმება იქნა მიღწეული.
ტენდერის საწყისი პირობები ასევე გადაიხედა, რადგანაც გავრცელებული ინფორმაციით, რას ალ ხაიმა პორტის აქციების 51%-ს ყიდულობს, ხოლო დანარჩენი საქართველოს ხელისუფლების საკუთრებაში რჩება.
გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ გარდა ამისა რას ალ ხაიმა ახალ საპორტო ტერმინალს ააშენებს ფოთში 100 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა, რომ 200 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდება პროექტის განვითარებაში მომდევნო სამი წლის მანძილზე.
14 აპრილს ოზურგეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს ”გაცოცხლებას”.
”ხვალ ჩვენ ვხსნით ფოთის ახალი ინდუსტრიული ზონის პროექტს. რა არის ჩემთვის ეს პროექტი? ჩემთვის ეს პროექტი არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მე ზუსტად ვიცი, ეს არის დასავლეთ საქართველოს და ფოთის ახალი გაცოცოხლება,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ვერ ვიცნობთ ფოთს – ფოთში იქნება ცათამბჯენები, როგორც დუბაიში, ფოთში იქნება ახალი ნავსაყუდელები, ფოთში გაფართოვდება რკინიგზა, ფოთში გაჩნდება ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ჩემთვის ფოთი ეს არის გურიის, აჭარის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის და სამეგრელოს ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა სიღარიბიდან”.