
თბილისი პუტინის სეპარატისტებთან თანამშრომლობის სურვილს აპროტესტებს
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, ”დასანანია”, რომ პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ”რანგზე დადის”, როცა მათ მხარდამჭერ წერილებს უგზავნის.
რუსეთის საგარეო უწყებამ 3 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სეპარატისტი ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში გაიზიარა მათი შეშფოთება საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით და აღუთქვა მათ, რომ მოსკოვის მხარდაჭერა სოხუმისა და ცხინვალისათვის ექნება ”არა დეკლარაციული, არამედ საგნობრივი ხასიათი”.
”ეს მხოლოდ დასანანია იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს კარგად უნდა ესმოდეს ის, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ამ ტიპის ურთიერთობები ეს არის პრობლემატური არა მარტო მეზობელი სახელმწიფოებისათვის და საერთოდ თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის მსოფლიოში, ეს არის ძალიან პრობლემატური თავად მისი [პრეზიდენტ პუტინის] ქვეყნისა და მისი სახელმწიფოსათვის და მისი ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის,”- განაცხადა 4 აპრილს ნინო ბურჯანაძემ.