ბაღაფში სხეფერს საქართველოს ნატოს წევრობის წინააღმდეგ აფრთხილებს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოუწოდა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს საქართველოს ალიანსში წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აფხაზეთის აზრიც გაითვალისწინოს, იტყობინება ”აფსნიპრესი” 2 აპრილს.
ნატოს გენერალური მდივნისთვის გაგზავნილ წერილში ბაღაფში აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტმა, სადაც 2-4 აპრილს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას კავკასიაში.
”პოლიტიკური არასტაბილურობის და მოუგვარებელი კონფლიქტების ფონზე, ალიანსის რამდენიმე პოტენციური წევრი, კერძოდ, საქართველო კვლავ განიხილავს ნატოს, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარების მექანიზმს,” – აცხადებს ბაღაფში წერილში, ”აფხაზეთი უკვე რამდენჯერმე გახდა საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის მსხვერპლი, რაც გვიბიძგებს ჩვენ ეს ქვეყანა მივიჩნიოთ სამხედრო პროვოკაციების პოტენციურ წყაროდ”.
ბაღაფშმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე 15 წელიწადია აფხაზეთი დამოუკიდებლად ავითარებს თავის დემოკრატიულ და პოლიტიკურ სისტემას, საბაზრო ეკონომიკას და საკანონმდებლო ბაზას.
”ჩვენი ეროვნული ინტერესები და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს პრიორიტეტებისგან… აფხაზეთს შესწევს უნარი შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დამაკავშირებელი როლი იკისროს კავკასიაში,” – ნათქვამია ბაღაფშის წერილში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)