
ფეხბურთის ფედერაციამ ტოპმიოლერი თანამდებობიდან გადააყენა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 1 აპრილს თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი, რომელიც ამ პოსტზე 2006 წლის იანვრიდან მუშაობს.
გადაწყვეტილება მოსდევს ქართველ გულშემატკივართა მზარდ უკმაყოფილებას, რომელმაც უკიდურეს ზღვარს მიაღწია 26 მარტს ბელფასტში საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხის(1:4) შემდეგ. მანამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა ლატვიასთან 1:3 თებერვალში; ხოლო შარშან ნოემბერში ევროპის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ლიტვასთან, საქართველომ 0:2 წააგო.
”მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში გაწეული სამსახურისთვის,” – განუცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა ”რუსთავი 2”-ს 1 აპრილს.
მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ გახდება ნაკრების ახალი მწვრთნელი.