
ცესკომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 458 020-ს შეადგენს.
ეს მონაცემი, რომელიც სიების დახვეწის პროცედურის შედეგად 10 მაისამდე შეიძლება კიდევ შეიცვალოს, ცესკომ 31 მარტს გამოაქვეყნა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თაობაზე ცესკოს ეს მონაცემი – 3 458 020 – ნაკლებია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ასახულ მონაცემზე – 3 527 964. ეს უკანასკნელი კი აღემატება ცესკო-ს მიერ დეკემბერში თავდაპირველად გამოქვეყნებულ რაოდენობას – 3 372 179, რომელიც 2 იანვრის მდგომარეობით, კიდევ უფრო შემცირდა და 3 352 448 შეადგინა.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციამ კითხვის ნიშნის ქვეშ დაააყენა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ოფიციალური მონაცემები და მას ”ხელოვნურად გაბერილი” უწოდა შეადარა რა ის წინა წლების ოფიციალურ მონაცემებს: 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს 2,2 მლნ ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 3,2 მლნ-ს აღწევდა.