ახალი ამბები

ლუიზ არბური სოხუმში დაკავებულთა გათავისუფლების ვადებს არ ასახელებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ლუიზ არბურმა თავი შეიკავა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ქართველი ჟურნალისტისა და ორი პიროვნების დაკავების ფაქტის შეფასებისაგან და ასევე მათი შესაძლო გათავისუფლების ვადების დასახელებისაგან.


ლუიზ არბურმა, რომელიც დღეს სოხუმს სტუმრობდა, საღამოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ხელმძღვანელობამ დღეს სოხუმის იზოლატორში მოინახულა ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია და მასთან ერთად დაკავებული  – ოპერატორი დავით წოწორია და მისი დედა, რომლებიც 26 თებერვალს აფხაზურმა მხარემ ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავა.


”გაეროს დამკვირვებელთა მისია გააგრძელებს მუშაობას ამ საკითხზე,”- განაცხადა ლუიზ არბურმა პრესკონფერენციაზე, ”[დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე] ამ მომენტში მე ასეთი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, თუ გათავისუფლების ვადებზე არ დაიწყება საუბარი”.


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ის ვერ შეაფასებს ინციდენტს,  ”სანამ ფაქტები არ მექნება”.


საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ უკვე მოითხოვა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტისაგან სერგეი ბაღაფშისაგან დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლების ოპერაციაში ქართული პოლიციის ჩართვაზე გააფრთხილა. თუმცა ბაღაფშმა განაცხადა, რომ ”საზღვრის უკანონო დამრღვევები” აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

Back to top button