ახალი ამბები

აფხაზეთში ჟურნალისტთან ერთად კიდევ ორი ადამიანია დაკავებული

ქართველ ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიასთან ერთად აფხაზურმა მხარემ 26 თებერვალს კიდევ ორი ადამიანი დააკავა. ყველა მათგანს ”აფხაზური საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” ედებათ ბრალი.


ერთ-ერთი მათგანი, აფხაზური მხარის განცხადებით, არის ტელეკომპანია ”მზის” ოპერატორი დავით წოწორია, ხოლო მეორე მისი დედა – მაია დანელია. ორივე აფხაზეთიდან დევნილია. ქართული მედია თავდაპირველად მხოლოდ ბასილაიას დაპატიმრების შესახებ იტყობინებოდა. ინფორმაცია კიდევ ორი ადამიანის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა ქართულ მედიაში, რაც ამის შესახებ აფხაზურმა მხარემ გაავრცელა ვიდეო-მასალა.


27 თებერვალს ტელეკომპანია ”მზემ” გაავრცელა ვიდეომასალის ნაწილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა. ვიდეომასალაში ნაჩვენებია სამივე დაკავებულის დაკითხვა სოხუმში. კითხვაზე აწამეს ან ცემეს თუ არა ისინი დაკავების შემდეგ, წოწორიამ და დანელიამ უარყოფითად უპასუხეს. ბასილაიამ პასუხი არ გასცა. თუმცა, წოწორიამ განაცხადა, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


წოწორიამ და ბასილაიამ ასევე განაცხადეს, რომ ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური მილიციისთვის 1000 რუბლის გადახდის შემდეგ შევიდნენ. დედა-შვილმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ სოხუმში სურდათ ჩასვლა ნათესავის სანახავად და მათ ასევე ჰქონდათ ვიდეოკამერა, რადგანაც სოხუმში მათი სახლის აღბეჭდვა სურდათ. მათ მალხაზ ბასილაიაც დაემგზავრა. ”ამ ვიზიტს სხვა მიზანი არ ჰქონია,” – განაცხადა წოწორიამ.


ტელეკომპანია ”მზე” იტყობინებოდა 26 თებერვალს, რომ ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია ენგურის ხიდთან მაშინ დააკავეს, როცა ის ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

Back to top button