ახალი ამბები

რუსეთისადმი აერონავიგაციის ვალი სადავოა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართული ავიაკომპანიების ვალი რუსეთის მიერ გაწეული სანავიგაციო სამსახურისთვის უნდა გაიყოს და გადახდილ იქნას ორი კომპანიის მიერ – ესენია ”ჯორჯიან ეარვეისი” და ”საქართველოს ნაციონალური ავიახაზები”, განაცხადა ტელეკომპანია ”მზემ” 27 თებერვალს.    


ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ცოტა ხნის წინ მოსკოვში ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის მიხედვითაც თბილისმა აიღო იმ ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი ვალის გადახდის ვალდებულება, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში ფუნქციონირებდნენ, თუმცა შემდეგ გაკოტრდნენ. რუსული მხარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები მხოლოდ მას აღდგება, რაც ქართული მხარე ვალს დაფარავს. გავრცელებული ინფორმაციით, ვალი 3 მილიონ დოლარს შეადგენს; თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს ამ ეტაპზე თანხის დასახელებაზე იმ მოტივით, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.


მიუხედავად იმისა, რომ ”ჯორჯიან ეარვეის”-ი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო სხვა კომპანიების მიერ დაგროვილ ვალთან, ის მზად არის ეს ვალი დაფაროს. ”სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენ არ ვართ ვალდებული ეს გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ვალის ნაწილი გადავიხადოთ პატრიოტული მოტივით, რადგანაც პირდაპირი ფრენების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,” – განუცხადა ”ჯორჯიან ეარვეის”-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა ტელეკომპანია ”მზეს” 27 თებერვალს. მან უარი თქვა იმ თანხის დასახელებაზე, რომლის გადახდასაც კომპანია აპირებს.


თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ – ”საქართველოს ნაციონალურმა ავიახაზებმა” ასევე უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა და გადაიხადოს 561 000 აშშ დოლარი.


”საქართველოს ნაციონალური ავიახაზების” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კოდუამ ტელეკომპანია ”მზეს” განუცხადა, რომ მისი კომპანია არ არის ვალდებული და არ აპირებს გადაიხადოს სხვა კომპანიების ვალი.     

Back to top button