
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე სამართლიანი არჩევნებისაკენ მოუწოდებს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხები განიხილეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილკა კანერვამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან.
ილკა კანერვას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მაისის თვეშია დაგეგმილი, საქართველოსთვის ”მნიშვნელოვანი ეტაპია”. მისი თქმით, ეუთო მზადაა არჩევნებზე დამკვირვებლები გამოაგზავნოს.
”არჩევნები მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ეუთოში ველით, რომ საქართველო გააგრძელებს მისწრაფებას უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებისკენ,” – განაცხადა ილკა კანერვამ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ”ეს არჩევნები იქნება ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოში პლურალისტური დემოკრატია დამკვიდრდეს”.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ”კონსტრუქციული დიალოგი” გაგრძელდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ილკა კანერვამ ბრიფინგზე საუბრისას ”პოზიტიური სიგნალი” უწოდა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ დიალოგს და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტები უნდა მოგვარდეს ”მშვიდობიანად, კონსტრუქციული დიალოგის გზით”.