
ბაღაფში ქართველი ჟურნალისტის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს
დაკავებული ქართველი ჟურნალისტი სასამართლოს წინაშე წარდგება აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 27 თებერვალს სოხუმში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ლუიზ არბურთან გამართულ შეხვედრაზე.
ტელეკომპანია ”მზის” ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია ენგურის ხიდთან მაშინ დააკავეს, როცა ის ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. საარჩევნო პროცესი აფხაზეთში უკვე დაწყებულია რუსი სამშვიდობოებისათვის და რუსული პასპორტების მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის.
სერგეი ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს და სტუდენტებს ბევრჯერ განუხორციელებიათ პროვოკაციული ქმედებები გალის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, თუმცა აფხაზური მხარე ყოველთვის ათავისუფლებდა მათ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
”თუმცა, ჩვენი კეთილი ნების ჟესტი არაადეკვატურად იქნა აღქმული თბილისში. ამიტომაც, ამიერიდან საქართველოს ვეღარ ექნება ამგვარი ქმედებების იმედი,” – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ასევე დასძინა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დაგმეს ეს ფაქტი და აფხაზეთის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყონებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს.
”კატეგირულად მოვითხოვთ სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული ქართველი ჟურნალისტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთავთ ყველა შესაბამის მექანიზმს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს მომავალში,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
”ნებისმიერი ადამიანის გატაცება ეს არის მძიმე კრიმინალური დანაშაული, ხოლო ჟურნალისტის გატაცება მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავის შინაარსით სცილდება მხოლოდ კრიმინალური დანაშაულის ფარგლებს და გადადის იგივე რანგში, როგორც არის ტერორისტული ქმედება,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.