ახალი ამბები

პარლამენტი 2008 წლის ბიუჯეტში პირველ ცვლილებებს განიხილავს

საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტის განხილვა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 184 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები დაახლოებით 200 მლნ ლარით იზრდება.

შედეგად, 2008 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ცვლილებების შემდეგ 5,2 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 4,7 მლრდ ლარს მიაღწევს.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, ცვლილებები განაპირობა საგადასახადო შემოსავლების ზრდამ და პრივატიზაციიდან დაუგეგმავად შემოსულმა დამატებით 44 მლნ ლარმა.


საბიუჯეტო ხარჯები ძირითადად სოციალური მიმართულებებით იზრდება:


ცვლილებების თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამატებით 52,2 მლნ ლარი გამოეყოფა, რაც მიმართული იქნება 1 აპრილიდან მინიმალური პენსიის 55-დან 70 ლარამდე გაზრდაზე.


29,2 მლნ ლარით გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი და მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შეძენასა და მოსახლეობის დიზელით უზრუნველყოფას საგაზაფხულო სამუშაოების დროს.


ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 51,2 მლნ ლარით იზრდება, რაც პროექტის თანახმად, ”ქვეყნის გაზმომარაგების სრულყოფისთვის” იქნება დახარჯული.  კერძოდ, იგეგმება გაზგამანაწილებელ კომპანიებზე შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების გაცემა, რათა, როგორც პაპუნა პეტრიაშვილი აღნიშნავს, გაზის ტარიფის მატება იქნას თავიდან აცილებული. სახელმწიფომ ანალოგიური კრედიტები შარშანაც გასცა.


საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისათვის საბიუჯეტო ცვლილებებში 29,5 მლნ ლარია გათვალისწინებული.


კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 1 მლნ ლარი პატრიოტულ ბანაკების ორგანიზებას, ხოლო დანარჩენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამას მოხმარდება.


იმავდროულად, ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს იმ სახელმწიფო მინისტრების აპარატების დაფინანსებას, რომელიც მთავრობაში იანვარში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. კერძოდ, – სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეგიონალურ საკითხებში 1,2 მლნ ლარი; სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორის საკითხებში – 700 ათასი ლარი; და სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეინტეგრაციის საკითხებში 1 მლნ ლარი გამოეყოფა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული გრაფიკის თანახმად, 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დეპუტატებმა 12 მარტამდე უნდა უყარონ კენჭი.

Back to top button