
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ”მზის” ჟურნალისტი დააკავეს
ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 26 თებერვალს დააკავეს, იტყობინება ”მზე”.
ამავე ცნობით, ტელეკომპანიის ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია ენგურის ხიდთან მაშინ დააკავეს, როცა ის ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. საარჩევნო პროცესი აფხაზეთში უკვე დაწყებულია რუსი სამშვიდობოებისათვის და რუსული პასპორტების მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის.
ჟურნალისტის დამკავებელთა ვინაობა თავიდანვე გარკვეული არ იყო. ”მზემ” განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი აფხაზურმა მილიციამ დააკავა. თუმცა საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბასილაია რუსმა სამშვიდობოებმა დააპატიმრეს.
ოპერატორმა, რომელიც თან ახლდა ბასიალაიას, განაცხადა, რომ მან დაინახა როგორც რუსი სამშვიდობოები, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები თუ როგორ ესაუბრებოდნენ ჟურნალისტს დაკავებამდე.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მან მომხდარის შესახებ უკვე აცნობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ლუიზა არბურს, რომელიც ამჟამად საქართველოს სტუმრობს და 27 თებერვალს სოხუმში გეგმავს ვიზიტს. ”კომისარი ამ საკითხს ვიზიტის დროს აფხაზეთის ხელისუფლებასთან განიხილავს,”- აღნიშნა მან.
ჟურნალისტის დაკავების გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და ”უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება” მოითხოვა.