ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება საზღვრების ერთობლივ კონტროლზე

რუსეთი თანახმაა ერთობლივი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების შექმნაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში, თუმცა დეტალები კვლავ შესათანხმებელია, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს.


”თქვენ იცით, რომ გვქონდა მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან და რუსეთის მთავრობამ მოგვცა თანხმობა როკის გვირაბსა და ფსოუზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ არ ვიცით ბოლომდე ტექნიკური დეტალები, როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მაგრამ ესეც არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი და გარღვევა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრის დროს მათ გამოხატეს სურვილი, რომ საბოლოოდ მოვახდინოთ საზღვრის დელიმიტაცია და ე.ი. საზღვრის საბოლოო ლეგალიზება საქართველო-რუსეთის საზღვრის  მონაკვეთებზე – ფსოუზე და როკზე”.  


თბილისი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების სანაცვლოდ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზებას ითხოვს – ერთი სამხრეთ ოსეთში (როკის გვირაბი), ხოლო მეორე აფხაზეთში მდებარეობს.  


სააკაშვილის თქმით, რუსეთთან შეთანხმებამ გააწბილა სეპარატისტი ლიდერები. ”[სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ] მინძაევი, რომელიც არის რუსეთიდან შემოგზავნილი ბანდიტი – სხვა არაფერი არ ქვია ამ კაცს, რომელიც იქით შეუბრუნდა რუსებს და უთხრა: თუ რუსეთი როკზე დააყენებს ქართველებს, მაშინ ის შეებრძოლება რუსეთსაც და საქართველოსაც. ახია მის გამომგზავნებზე ასეთი რიტორიკა,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მინძაევმა 25 თებერვალს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა: ”როკს ვერავინ ვერ გააკონტროლებს სამხრეთ ოსური მხარის გარდა. თუ რუსებსა და ქართველებს სურს ერთობლივი გაკონტროლება, ეს შეუძლიათ გააკეთონ საქართველო-სამხრეთ ოსეთის [ადმინისტრაციულ] საზღვარზე.  წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი, საქართველო და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ვინც ამას მოინდომებენ, მიიღებენ მტკიცე უარს”.


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების ქართველ ვეტერანებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მიღწეულია შეთანხმება საზღვრების ერთობლივ გაკონტროლებაზე, ახლა დროა დსთ-ს 1996 წლის დეკლარაცია შესრულდეს, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას აფხაზეთის წინააღმდეგ. 


”ჩვენ უნდა ასევე შევთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ და ეს საკითხი ჩვენ დავსვით მოსკოვში, შეასრულოს თავისი ვალდებულებები დსთ-ს 1996 წლის სანქციებთან დაკავშირებით. იცით, რომ 1996 წლიდან მოქმედებთ ფორმალურად სანქციები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აფხაზეთის მიმართ. ბევრი ეს სანქცია ეფექტურად ვერ ხორციელდება და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ და ვითხოვთ რუსეთის ხელმძღვანელობისგან სრული მოცულობით, სრული მასშტაბით განახორციელოს ეს სანქციები აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების მიმართ,” – განაცხადა სააკაშვილმა.  

მსგავსი/Related

Back to top button