ახალი ამბები

პრეზიდენტი პატიმართა პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა პირობების გაუმჯობესების და მათი სხვადასხვა პროფილით გადამზადების საჭიროებაზე ისაუბრა.


იუსტიციის მინისტრთან ნიკა გვარამიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მან ასევე გაამახვილა ყურადღება არასრულწლოვანი პატიმრების განათლების პრობლემაზე. 


სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს პატიმართა ვადამდელი გათავისუფლება, ისე რომ ამან ზიანი არ მიაყენოს საზოგადოებას. 


”ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვჭირდება კონცენტრაცია საერთოდ იმისათვის, რომ საფრთხე არ იყოს პატიმრების გამოშვების შემდეგ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ”პრობლემა იმაშია, რომ ციხეში ადამიანი არ სწორდება… ამიტომ გამოვყოთ ცალკე ფული, არ დავინანოთ და მივცეთ რაღაც პროფესიები [პატიმრებს]. უბრალოდ ციხიდან შრომით ბაზარზე უნდა გადიოდეს მომზადებული ადამიანი”.


პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრს ასევე დავალება მისცა 50 დღის ვადაში ორთაჭალის იზოლატრიდან 2 650 პატიმარი სხვა ციხეებში იქნას გადაყვანილი, რათა დაინგრეს ეს შენობა, რადგან ”ეს არის ციხე, სადაც დღესაც კი არის სრულიად მიუღებელი პირობები ადამიანური არსებობისთვის”.


იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 18 ათასს პატიმარზე მეტია. 

Back to top button