ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თანხმობაზე წინასწარი შეთანხმება არსებობს

რუსეთთან არსებობს წინასწარი შეთანხმება გაიხსნას ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო პუნქტები, მათ შორის კონფლიქტის ზონებში, რასაც მოყვება საქართველოს თანხმობა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 თებერვალს.


”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მას ამ წინასწარი შეთანხმების სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. განაცხადა მხოლოდ ის, რომ ეს სიგნალები მისი მოსკოვში ვიზიტის მოსამზადებელი შეხვედრებიდან მოვიდა. ამ მისიით რუსეთის დედაქალაქს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სტუმრობენ.


თბილისის მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი არალეგალური საბაჟო გამშვები პუნქტის – განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის  – ლეგალიზაცია და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.  თუმცა რუსეთის პოზიცია იყო, რომ ეს მოთხოვნები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სცდებოდა ვმო-ს მოლაპარაკებების ფარგლებს.

სააკაშვილმა კიდევ ერთი ”პოზიტიური სიგნალის” შესახებ განაცხადა, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ წინასწარ შეთანხმებას უკავშირდება.

”ქართული ეკონომიკური დელეგაცია უნდა ჩავიდეს მოსკოვში და მოვილაპარაკოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთმა 2006 წელს ეკონომიკური ემბარგო დააწესა და საჰაერო კავშირი გაწყვიტა საქართველოსთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button