
ევროკავშირის ”ტროიკა” თბილისს ეწვევა
4-5 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის “ტროიკა”, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
“ტროიკას” შემადგენლობაში იქნებიან სლოვენიის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი რუპელი, ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობას სამართლის, უსაფრთხოების, აგრეთვე ვაჭრობის სფეროში, საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების თემატიკასა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)