
გამყრელიძის საარჩევნო კამპანიაზე 150 ათასი ლარი დაიხარჯა
ახალი მემარჯვენეების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მათი ლიდერი დავით გამყრელიძის საპრეზიდენტო კამპანიაზე 149 896 ლარი დაიხარჯა.
20 პიროვნების მიერ გაწეული შემოწირულობის შედეგად სულ ახალმა მემარჯვენეებმა 152 500 ლარი შეაგროვეს. მათ შორის იყვნენ თავად ახალი მემარჯვენეების წევრები (დეპუტატი ირაკლი იაშვილი – 30 000 ლარი; დეპუტატი დავით საგანელიძე – 30 000 ლარი; და დეპუტატი მამუკა კაციტაძე – 10 000 ლარი). პარტიამ კი 7 500 ლარი გაიღო.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დავით გამყრელიძემ დაიჩივლა, რომ შიშის გამო ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ ბედავდა ”სააკაშვილის ოპონენტების დაფინანსებას თუნდაც სიმბოლური, მცირედი თანხით”.
გამყრელიძის კამპანიის ფარგლებში პოლიტიკურ რეკლამებზე 14 852 ლარი დაიხარჯა. ამაში შედის რეკლამის დამზადების ხარჯებიც; 10 000 ლარი დაიხარჯა რეკლამებზე ბეჭდურ მედიასა და ბილბორდებზე; 13 212 ლარი დაიხარჯა კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციებზე, მათ შორის შეხვედრებისთვის დარბაზების დაქირავებაზე; 33 773 ლარი დაიხარჯა ფლეიერების და სხვა სააგიტაციო მასალის დაბეჭდვაზე.
მიხეილ სააკაშვილის შტაბის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, სააკაშვილის კამპანიაზე 23 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო კამპანიაზე მხოლოდ 35 ათასი ლარი.
დანარჩენ პრეზიდენტობის კანდიდატებს ჯერ ფინანსური დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ ცესკო-ში. მათ ვადა 18 თებერვალს ეწურებათ.
არჩევნებისთვის მოზიდული თანხების შემოწმების მიზნით ცესკო-ში შეიქმნა ხუთკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აკადემიკოსები (რომან ხარბედია და დიმიტრი ჯაფარიძე), დამკვირვებლები (კოკი იონათამიშვილი ორგანიზაცია ახალი თაობა-ახალი ინიციატივიდან და გიორგი ჩხეიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან) და ერთი კერძო აუდიტი (ზურაბ ხარატიშვილი). ჯგუფი საკუთარ დასკვნებს მას შემდეგ წარმოადგენს, რაც ყველა კანდიდატის საარჩევნო ფონდები იქნება შესწავლილი.