
დეპუტატი ევროობლიგაციებზე კომენტარს აკეთებს
ვლადიმერ პაპავამ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ევროობლიგაციები, რომლის გამოშვებასაც მთავრობა აპრილიდან გეგმავს, სესხის ერთ-ერთი ფორმაა.
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ექვს უცხოურ ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის 5-დან 10 წლამდე ვადის ევროობლიგაციების გამოშვების თაობაზე.
”ეს არის ფულის სესხება ევროპულ ბაზარზე, რაც სინამდვილეში არის ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყარო,”- განუცხადა ვლადიმერ პაპავამ 31 იანვარს Civil.ge-ს, ”ამდენად იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტი პროფიციტულია, ტყუილია”.
მისი განმარტებით, ევროობლიგაციები ბანკების დახმარებით გაიყიდება ფასიანი ქაღალდების ევროპის ბირჟებზე, საიდანაც მყიდველი ბანკები ან კორპორაციები მიიღებენ დივიდენდებს პროცენტების სახით.
”თუმცა 5-10 წლის შემდეგ საქართველოს მოუწევს ამ ფულის უკან დაბრუნება,”- აცხადებს პაპავა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოზიდული თანხები გაზსაცავის მშენებლობას და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის ხაზების ინვესტირებას მოხმარდება.