ახალი ამბები

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

პარლამენტმა დღეს 144 ხმით თანხმობა მისცა პრეზიდენტს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფილი იუსტიციის მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის დანიშვნის თაობაზე.


ტყეშელაშვილმა ამ თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი პირადი განცხადებით დატოვა. ადეიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ინიშნება.


პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი გენერალური პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ”თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა”. 


”იმედი გვაქვს, რომ გენერალური პროკურატურა გააგრძელებს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ადეიშვილი ახორციელებდა,”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.


ტყეშელაშვილს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა სექტემბრიდან ეკავა, იგი ასევე ხელმძღვანელობდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილ  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს. მინისტრობამდე ეკა ტყეშელაშვილი სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარე, უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. 


ოპოზიციურმა ფრაქცია დემოკრატიულმა ფრონტმა საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა ტყეშელაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა იმ მიზეზით, რომ იუსტიციის მინისტრობის პერიოდში ის ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობდა, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი და ვერ იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, რასაც პროკურატურის შესახებ კანონი მოითხოვს.


მეორე მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია არ უჭერს მხარს ტყეშელაშვილის კანდიდატურას, ესაა მის მიერ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება ”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტებისთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე იმის გამო, რომ ისინი სასამართლოს ეზოში აპროტესტებდნენ გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს.


”მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული, ანგაჟირებული და იმავდროულად დისკრედიტირებული პირის გენერალური პროკურორის პოსტზე დანიშვნა ხელს შეუშლის ამ უწყების ნამდვილი ფუნქციების განხორციელებას,”- აცხადებს დემოკრატიული ფრონტი, რომლის დეპუტატებს ტყეშელაშვილის კანდიდატურის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button