ახალი ამბები

საქართველო 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

საქართველოს სურს გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციები, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ 31 იანვარს.


”ჩვენ გვინდა და იმედი გვაქვს, რომ ეს აპრილში მოხდება,” – განაცხადა გურგენიძემ პარლამენტში ახალი მთავრობის წარდგენისას.


მისი თქმით, ამჟამად მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ექვს ბანკთან – Citigroup, Deutsche Bank, JP Morgan, Credit Suisse, UBS, Merrill Lynch – რათა შეირჩეს ის ორი ბანკი, რომელიც ევროობლიგაციების საკითხს ორგანიზებას გაუწევს.


გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ ევროობლიგაციების გამოშვებას საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელება დასჭირდება. ფინანსთა სამინისტრო აპირებს, რომ შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს წარუდგინოს განსახილველად.


მისი თქმით, ევროობლიგაციების გამოშვებიდან მოზიდული თანხების ნაწილი მოხმარდება საქართველოში ბუნებრივი აირის საცავის მშენებლობას.


მეორე ნაწილი კი, მისი თქმით, შესაძლოა დაიხარჯოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ინვესტირებისთვის, რაც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი.  

მსგავსი/Related

Back to top button