
ფოთის პორტით და თეზ-ით სამი კომპანია დაინტერესდა
ფოთის პორტისა და მისი მიმდებარე 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთის 49 წლით იჯარით აღების სურვილი ამ ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის მიზნით ორმა კომპანიამ და ერთმა კონსორციუმმა გამოთქვა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 25 იანვარს. თავდაპირველად 12-მა კომპანიამ წარადგინა განაცხადები.
მსურველთა შორის არიან:
• გაერთიანებული ემირატების Dubai Ports და დუბაის თავისუფალი ეკონომიკური ზონის Jafza-ს კონსორციუმი;
• გერმანული Hamburger Hafen und Logistik;
• დიდ ბრიტანეთში განთავსებული Hutchison Westports, რომელიც Hutchison Port Holdings Group-ის ნაწილია.
ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, რომ კონკურენცია დიდია. ”ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ მას შემდეგ, რაც შევისწავლით ამ წინადადებებს, მივცემთ 15 თებერვლამდე ამ კომპანიებს ვადას, რომ გააუმჯობესონ საკუთარი წინადადებები. იმედი გვაქვს, რომ ერთ ან ორ თვეში მივიღებთ ძალიან კარგ წინადადებებს,” – განაცხადა მან.