
ოპოზიცია ხელისუფლებას რკინიგზის პრივატიზებას არ ურჩევს
ახალმა მემარჯვენეებმა გააფრთხილა ხელისუფლება არ მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან საპრივატიზაციო გარიგებებს საპარლამენტო არჩევნების წინ. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის პრივატიზებას.
ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს გამოაცხადა კონკურსი საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო წილის პრივატიზების შესახებ ინტერსეთა გამოხატვის თაობაზე. განაცხადების მიღების ვადა 25 იანვარს იწურება.
”ცხადია, რომ საქართველოს რკინიგზის ნაჩქარევი პრივატიზაცია აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის სასწრაფოდ შესავსებად სჭირდება,” – ნათქვამია ახალი მემარჯვენეების განცხადებაში. ”ჩვენ ვთვლით, რომ საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მნიშვნელოვანი ობიექტების, მით უმეტეს, სტრატეგიული დანიშნულების მქონე რკინიგზის პრივატიზებისგან.”
ახალი მემარჯვენეები ასევე მოუწოდებენ პოტენციურ ინვესტორებს თავი შეიკავონ ახლანდელ ხელისუფლებასთან გარიგებების დადებისგან.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინტერესის გამოხატვა არ ავალდებულებს ქართულ მხარეს გაყიდოს თავისი მთლიანი წილი რკინიგზაში. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ის იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს უარი თქვას, შეწყვიტოს ან შეცვალოს გაყიდვის პროცედურა, ან რომელიმე დაინტერესებული მხარე არ დაუშვას შესყიდვის პროცედურაზე.
საქართველოს რკინიგზის პოტენციურ ინვესტორთა სია 25 იანვარს საღამოს გახდება ცნობილი.