
საქართველო არის სიურპრიზების ქვეყანა – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო თვეები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო და პრობლემების დემოკრატიული გზით დაძლევით ქვეყანამ კიდევ ერთხელ შეძლო საერთაშორისო თანამეგობრობის გაკვირვება.
ეს განცხადება ქართველ ჟურნალისტებთან სააკაშვილმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ისევე როგორც 4 წლის წინ გაპრეზიდენტების დროს, პირველი ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს.
”ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ფორუმი,”- განაცხადა მან, ”ეს ბოლო თვეები იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩვენთვის და დანარჩენი ევროპისთვისაც. როგორ შეძლო ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც აღმოჩნდა სირთულეების წინაშე, ამ სირთულეების ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი გზით დაძლევა; როგორც შეძლო ქართველმა ხალხმა პრაქტიკულად იმ სიტუაციაში, როცა ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ საქართველოს საქმე წასულია და საქართველო ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდება ნორმალური განვითარების გზაზე, ყველას გაკვირვება; როგორ შეძლო ქვეყანამ, როცა 4 წლის წინ, როცა მე აქ მოვედი, რომელიც იყო უბრალოდ ლამაზი დაპირებების ქვეყანა და არავის არ სჯეროდა ამ დაპირების 10%-ით, პრაქტიკულად ყველა იმ მიღწევისა და დაპირების მოხერხება, რომელიც ქართველმა ხალხმა შეძლო. საქართველო არის სიურპრიზების ქვეყანა”.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში მეტ კონცენტრაციას შიდა პრობლემებზე მოახდენს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ”მუდმივად პულსზე უნდა გვედოს ხელი საერთაშორისო თანამეგობრობის”.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ რუსი დეპუტატები მას საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლის დროს მწვავე შეკითხვებს უმზადებენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უპასუხა: ”ჩვენ მათთანაც ვაწარმოებთ დიალოგს, ჩვენ არავისთან პრობლემა არ გვაქვს დიალოგის წარმოების”.