ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ლავროვის განცხადებას

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ აპირებს ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 


სერგეი ლავროვმა 23 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”რაც შეეხება კოსოვოს პრეცედენტს, რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს განუცხადებია, რომ კოსოვოს შემდეგ ჩვენ დაუყოვნებლივ ვცნობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”.  ეს განცხადება ლავროვმა 20 იანვარს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კოსოვოს პრეცედენტი მხოლოდ აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის არ შეიქმნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ინტერესებშია სტაბილურობის შენარჩუნება, სეპარატიზმის და საერთაშორისო სამართლის დარღვევის არ დაშვება. ”ზუსტად ეს იქნება ჩვენი პოზიცია,”- დასძინა ლავროვმა.


”ჩვენ დიდი ხანია ველოდით ამ განცხადებას და მივესალმებით მას,”- განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, ”ეს მართლაც აჩვენებს, ჩვენი აზრით და ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ რუსული პოლიტიკა შეიძლება გახდეს უფრო კონსტრუქციული. ასეთი განცხადებები ადრეც რომ გაკეთებულიყო,  ბევრი საკითხის გადაწყვეტა გაცილებით უფრო მარტივად მოხდებოდა”.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი კონსტრუქციულ როლს ითამაშებს საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებაში. 


”ჩვენ არ ვყოფთ საქართველოს ეთნიკურ ქართველებად, ეთნიკურ ოსებად და სხვა ეთნიკურ ჯგუფებად,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ დროა მოვხსნათ ბარიერები, არ არის საჭირო ცხინვალში და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების წვალება სხვადასხვა ხელოვნური, მინი-ბერლინის კედლებით. ეს ადამიანები თავისუფლად უნდა  გადაადგილდებოდნენ, ვაჭრობდნენ და ცხოვრებით კმაყოფილები უნდა იყვნენ, გახდნენ ქართული საზოგადოების და სახელმწიფო ნაწილი, რომელიც ეკუთვნით ოსებსაც. ვფიქრობ, რომ გახსნილობის პირობებში, ყველა სხვა საკითხი მოგვარდება ძალიან ჩქარა და მე იმედი მაქვს, რუსეთის კონსტრუქციული როლის”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button