skip to content
ახალი ამბები

კოკოითს სააკაშვილთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება სურს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი აპირებს უახლოეს დღეებში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით.


ამის შესახებ დღეს კოკოითმა მოსკოვში, ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ორგანიზებაში დახმარებას რუსეთსა და ეუთოს თხოვს.


კოკოითის განცხადებით, ის აპირებს სააკაშვილთან კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა განიხილოს, რომელიც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის; ეკონომიკური რეაბილიტაციისა  და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვის ფაზებს მოიცავს.


”პირველ საკითხად ვაყენებთ ძალის არ გამოყენების ან გამოყენების მუქარის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას,”- განაცხადა კოკოითმა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერი ადრე პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის სანაცვლოდ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობას აყენებდა.


დღესვე, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა თბილისს გამოეხმაუროს ცხინვალის წინადადებას და ხელი მოაწეროს დოკუმენტს იმაზე, რომ ”არასოდეს არ იქნება ძალა გამოყენებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში”.


”დარწმუნებული ვართ, რომ ანალოგიური დოკუმენტი საჭიროა აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა,”- ჩვენი ქართველი კოლეგები გვარწმუნებენ, რომ არ აპირებენ ძალის გამოყენებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა თავს არიდებენ ამ მარტივი და  არაორაზროვანი დოკუმენტის ხელმოწერას”.   


ქართული მხარე ამ დრომდე უარს ამბობდა სეპარატისტებთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებების დადებაზე. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თბილისი არც ახლაა თანახმა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, როგორც ”მეზობელ სახელმწიფოებთან”.


”ქართული მხარისთვის არის მიუღებელი ის ფორმა, რა ფორმასაც გვთავაზობს რუსეთი. რუსეთს სურს, რომ დაიდოს ხელშეკრულება საქართველოს და აფხაზეთს, საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის თითქოს ეს არის დამოუკიდებელი, მეზობელი სახელმწიფოები და საუბარი არის მეზობელ სახელმწიფოებს შორის ცეცხლის არ განახლებაზე,”- განუცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 23 იანვარს ტელეკომპანია ”მზეს”.


”ბუნებრივია ასეთი ტიპის ხელშეკრულებაზე ჩვენ არასდროს არ წავალთ და თუ ჩვენ გვსურს ვისაუბროთ ცეცხლის არ განახლებაზე, ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს შინაარსს: ჩავდოთ ხელშეკრულებაში, რომ ეს არის საქართველოს შიდა კონფლიქტის მოწესრიგება, რომლის მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და ამის ხელმოწერის პრობლემა არ გვექნება,”- აღნიშნა ბაქრაძემ.


მან ასევე კომენტარი გააკეთა კოკოითი-სააკაშვილის შესაძლო შეხვედრის თაობაზე და განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ცხინვალი კონკრეტულ წინადადებებს წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.


”შეხვედრა შედგება იმ შემთხვევაში, თუ იქნება კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”ჩვენ ველით ამ წინადადებებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button