ახალი ამბები

პროკურატურამ გელბახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ 22 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დეპუტატი ვალერი გელბახიანი.


პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება, რომ საკანონმდებლო ორგანოს უკვე ეცნობა წერილობით აღნიშნულის შესახებ, რადგან პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა პროკურატურას მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეუძლია.


გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატის მამხილებელი ფარული ვიდეო-ჩანაწერი 24 დეკემბერს გამოაქვეყნა, თუმცა იმ დროისათვის გელბახიანს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა,  უკვე დატოვებული ჰქონდა საქართველო.


ფარულ ჩანაწერში დეპუტატი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსთან ერეკლე კოდუასთან განიხილავს 5 იანვრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს. ამ ჩანაწერის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა კოდუას და პატარკაციშვილის საუბრის აუდიო-ჩანაწერი, სადაც ანალოგიურ გეგმებზეა უფრო დეტალური მსჯელობა. პატარკაციშვილზე, რომელსაც ასევე ედება ბრალად ხელისუფლების დასამხობად შეთქმულება, პროკურატურამ 16 იანვარს უკვე გამოაცხადა ძებნა, ხოლო სასამართლომ მას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


გელბახიანის მიმართ ანალოგიურ მოქმედებებს მისი სადეპუტატო იმუნიტეტის გამო პარლამენტის თანხმობა სჭირდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button