
საია 30 უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), რომელიც არჩევნებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში აკვირდებოდა, 30-მდე უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს.
”წინასწარ ძნელია იმის თქმა, ჩვენი საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამდენად მოახდენს ეს არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება საოლქო მონაცემების დონეზე,”- განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კანონმდებლობით, საოლქო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უბნის გაბათილების გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იღებს.
სულ ორგანიზაციის 400-მდე დამკვირვებელმა ოთხივე ქალაქის საუბნო და საოლქო კომისიებში 230-მდე საჩივარი შეიტანა, რომელიც კენჭისყრის მსვლელობისა და ხმების დათვლის პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს ეხება. ძირითადად საუბარია შემდეგი ტიპის დარღვევებზე: ყუთი არ იყო დალუქული, მარკირების პროცედურა არ ტარდებოდა, კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა გადანაწილებაზე წილისყრა არ ჩატარდა, დამატებით სიებთან და შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული დარღვევები.
თუმცა საია ასევე აცხადებს, რომ მის დამკვირვებლებს ”მასობრივი დარღვევები” არ დაუფიქსირებიათ.
”ამ ეტაპზე არჩევნების რა თქმა უნდა შეფასდეს, როგორც შემდგარი, თუმცა შედეგების შეჯამება ჯერ არ განხორციელებულა და ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს ბოლომდე”, – განაცხადა ჩხეიძემ.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ჩხეიძემ ასევე მოუწოდა ცესკოს საუბნო კომისიების ოქმების ვებ-გვერდზე განთავსებისას კანონით დადგენილი წესით მიუთითოს ასევე ამ უბნებზე არსებული საჩივრების შესახებ.