ახალი ამბები

”იმედის” გათიშვა მოულოდნელი არ იყო – ბურჯანაძე

ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის შეჩერება ”მოულოდნელი არ იყო”, რადგან ჟურნალისტებს, რომელთაც მოისმინეს შეთქმულების გეგმებზე არხის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის აუდიო ჩანაწერები, გაუჭირდებოდათ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ. 


”ერთადერთი, რაც მე შემიძლია გითხრათ, ბოლო ორი თვის მოვლენების ახსნა ბევრად უფრო უადვილდებათ ახლა ადამიანებს, რომლებიც შეიძლება  ნაკლებად ჩახედული იყვნენ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ან ნაკლებად იჯერებდნენ იმას, რასაც ვამბობდით ხოლმე,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”ახლა ვფიქრობ მათ მეტი ანალიზის საშუალება აქვთ და უკეთ შეუძლიათ გაერკვნენ რეალურად რა იდგა იმ მოვლენების უკან, რომელმაც ქვეყანა გარკვეულწილად პოლიტიკურ რთულ კრიზისულ ვითარებამდე მიიყვანა”.


”იმედის” მაუწყებლობა გუშინ საღამოს მას შემდეგ შეწყდა, რაც არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელის და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ემიჯნებიან ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს”.


”ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თავად კოლექტივმა,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button