ახალი ამბები

”შეთქმულების” შესახებ მორიგი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა

გენერალურმა პროკურატურამ 25 დეკემბერს გამოაქვეყნა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც მათი განცხადებით, საუბრობენ ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი და ერეკლე კოდუა, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


საუბარი, გენერალური პროკურატურის თანახმად, შედგა 23 დეკემბერს პატარკაციშვილის ვილაში, ლონდონთან ახლოს.


”ჩვენ გვაქვს ჩანაწერი განხორციელებული ბატონი კოდუას მიერ. აღნიშნული განხორციელდა სათანადო ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით. ისინი გაფრთხილებულები იყვნენ წინასწარ ამის თაობაზე,”- განაცხადა 25 დეკემბერს ნიკა გვარამიამ, გენპროკურორის მოადგილემ, ”ჩვენ არ ვაპირებდით აღნიშნული აუდიო-ჩანაწერის ამ ეტაპზე გამოქვეყნებას, ვინაიდან საქმე გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიასთან და განსაკუთრებით სენსიტიურია ყველა ის საკითხი, რომელიც ხმიანდება და ამიტომაც ვიკავებდით თავს. თუმცა რაკიღა პატარკაციშვილის შტაბმა თვითონ დაიწყო მასალების გავრცელება და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ ჩვენც, ბუნებრივია, ვაქვეყნებთ იმ მასალას, რომელიც ჩვენს ხელს არის. ეს არის სრული მასალა, რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდება. ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს არ გაწვდით… ჩვენ გაწვდით 25-წუთიან ამონაკრებს”.


ჩანაწერის დამონტაჟებული ვარიანტის დასაწყისში, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა გაუშვეს, ხმა, რომელიც პატარკაციშვილისას წააგავს, ესაუბრება მამაკაცს, რომელიც ვითომდა ერეკლე კოდუაა, სააკაშვილის წრეში ”შინაგანი რღვევის” მნიშვნელობის თაობაზე. ”ყველაფერი დამთავრდება მას შემდეგ, რაც ეს მოხდება,” – აცხადებს ის.


შემდეგ ის დაგეგმილი შეთქმულების საერთაშორისო კონტექსტზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს.


”დღეს ერთადერთი ვინც ეხმარება მიშას ეს არის ბრაიზა [აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში], მერე დანიელ ფრიდი [აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი], რადგან ის ბრაიზას უფროსია,” აცხადებს პატარკაციშვილის მსგავსი ხმა, ”მეტი დამცველი მაგას არ ჰყავს. ამის მაღლა მაგას დამცველი არ ჰყავს მეტი. რატომ ეხმარებიან ისინი? იმათი პროექტია და ამიტომ მათ არ უნდათ რომ მიშასთან ერთად თვითონაც წააგონ. დანარჩენი დამცველი არ გააჩნია მაგას საერთოდ, ამიტომ ესენი გადაუტრიალდებიან უცბად იმიტომ, რომ მათთვის მთავარი მიშას დაკარგვა კი არ არის, მიშა სულ ფეხებზე კიდიათ”.


შემდეგ მისი მოსაუბრე ეკითხება: ” ჰოდა მორჩა არჩევნები 5-ში. 6-ში აცხადებენ, რომ მოიგო მიშამ. რას ვშვებით?”       


”არაფერი, მგონია, რომ იქ ხალხი გადაწყვეტს,”- პასუხობს ის, ”ამათ [ ოპოზიციას გულისმობს] ტვინი არ ჰქონდათ 150 ათასი კაცი გამოიყვანეს მიტინგზე და დაშალეს… თორემ მაგი იმ დღესვე დამთავრდებოდა… ის ხალხი იმისთვის არ გამოსულა იქ, რომ ლევანასთვის [პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე] და შალიკოსთვის [პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი] ეყურებინათ”.


შემდეგ ჩანაწერის დამონტაჟებულ ვარიანტში საუბარი სხვა თემაზე გადადის და პატარკაციშვილი ამბობს: ”ხალხი უკვე დღეს ემზადება, იარაღს ვერ იშოვი დღეს თბილისში იმიტომ, რომ ყველა ემზადება და ყველას აქვს აბსოლუტურად ჩადებული თავში, რომ რაღაცეები ხდება”. თუმცა, საუბრის ამ ნაწილის კონტექსტი ცოტა გაუგებარია. 


შემდეგ ორივე პიროვნება არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნეიტრალიზების გზებზე საუბრობს. კოდუა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის შსს-ს სპეცდანიშნულების ორ რაზმს აკონტროლებს, მისთვის ძალიან რთული იქნება პირდაპირ მერაბიშვილზე იერიშის მიტანა, რადგანაც მას ძალიან ერთგული დაცვა ჰყავს.   


”არ შეიძლება მაგალითად დაძინება და რაღაცეები?” ეკითხება პატარკაციშვილი კოდუას, რომელიც პასუხობს ”არის მაგის საშუალებები, მაგრამ ისეთი ეფექტური არ არის, რომ უცებ გათიშო ადამიანი”. შემდეგ პატარკაციშვილის ხმა აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია ინექციის გზით, მაგრამ ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება დაცვის გამო.


საუბრის ცალკე ეპიზოდში პატარკაციშვილი ეუბნება კოდუას, რომ გეგმის შესახებ დეტალებს ხუთშაბათს, 27 დეკემბერს აცნობებს, რადგანაც მანამდე მას რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, და ”მაგ დროისთვის მე უკვე კონკრეტულად მეცოდინება ყველაფერი ჯარში… იმიტომ, რომ ეს ერთი სეგმენტია, არის კიდევ სხვა სეგმენტები. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შეიკრიბოს და დაიდოს ერთ უშუალო მთლიან გეგმაში”.


მათ ასევე განიხილეს ფინანსების საკითხებიც. ”რაც შეეხება თანხებს, ვალერიმ მითხრა, რომ 100 მლნ უნდაო. მე მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რომ აწონო აი ამ რისკის საფასური არის… მე მზად ვარ დაგთანხმდე ამ თანხაზე და ავანსის სახით იმ ანგარიშზე, რომელსაც შენ მეტყვი, რაღაცა დაგიდო და ეს იქნება კონკრეტულად ისეთნაირად გაკეთებული, რომ ამას შენ იღებ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას რაღაცას ვაღწევთ,” ეუბნება პატარკაციშვილის ხმა კოდუას. ”მე მიმაჩნია ძალიან სერიოზულად, რაც არ უნდა მოხდეს, შეიძლება ერთ რაღაცაზე იყო გარანტირებული, რომ შენი ოჯახი თავიდან ბოლომდე იქნება მიხედილი. არა აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, როგორც რა დამთავრდება”.


გენერალური პროკურატურის მიერ აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბმა მოკლე ვიდეო ჩანაწერი უჩვენა, რომელიც სავარაუდოდ პატარკაციშვილის სახლში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ფირზე აღბეჭდილია რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ირაკლი კოდუას ჩხრეკენ პატარკაციშვილთან შეხვედრამდე. საარჩევნო შტაბმა ასევე გამოაქვეყნა მოკლე აუდიო ჩანაწერი, რომელშიც პატარკაციშვილის ხმა ეუბნება კოდუას, რომ ის სიტყვის კაცია და ის ყველაფერს შეასრულებს, რასაც ხალხს თავის წინასაარჩევნო პროგრამაში პირდება.


ჯერჯერობით ორივე ჩანაწერის შედარება ვერ ხერხდება, რადგანაც მათი სრული ვერსიები მიუწვდომელია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button