skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი: ხელისუფლების ყველა ბრალდება უსაფუძვლოა

ბიზნესმენმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრი პატარკაციშვილმა 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის თაობაზე ბრალდებები ”უსაფუძვლოა”.


მან დაადასტურა, რომ 23 დეკემბერს ლონდონში შეხვდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორს ერეკლე კოდუას.


”ვინაიდან მივხვდი, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი პროვოკაცია, ამიტომაც ვთხოვე ბრიტანელ დაცვის თანამშრომლებს გაეკეთებინათ ამ [კოდუასთან] შეხვედრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი,”- აცხადებს პატარკაციშვილი, ”მე მივმართავ ჩემს ადვოკატებს დიდ ბრიტანეთში, რათა ხელისუფლების კიდევ ერთი პროვოკაციის შესახებ აცნობოს ”სკოთლანდ იარდს”.


მისი თქმით, ”სააკაშვილის რეჟიმი” პროვოკაციებს მიმართავს, რადგან ”არჩევნების პოლიტიკური ფორმით მოგების ყველა რესურსი ამოიწურა”. 


პროკურატურამ დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მზადების მტკიცებულებად კოდუასა და პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელის, დეპუტატ ვალერი გელბახიანის საუბრის ფარული ვიდეო-ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გელბახიანი ღიად საუბრობს პატარკაციშვილის შტაბის გეგმებზე არეულობის ინსპირირების, არჩევნების ჩაშლისა და ხელისუფლების ამ გზით ხელში ჩაგდების თაობაზე.


გელბახიანი კოდუასთან საუბრით მიზნად ისახავდა, არჩევნების შემდგომი რეპრესიებისა და ოპოზიციონერი ლიდერების მოსალოდნელი დაჭერების თავიდან აცილებას და ამისთვის კერძო საუბრისთვის დამახასიათებელ ყველა ხერხს მიმართავდა, განმარტა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ.


”ასეთი საუბრები არა მარტო კოდუასთან, არამედ სხვებთანაც [მაღალჩინოსან სამართალდამცავებთან] არის და შეიძლება ამის ჩანაწერებიც არსებობს,”- აცხადებს ჯოჯუა. 


რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციას აქვს ურთიერთობა როგორც პატარკაციშვილთან, ისე პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან. თუმცა, მისი თქმით, ეს ურთიერთობები ძირითადად საარჩევნო ტაქტიკას შეეხება, რასაც არაფერი აქვს საერთი ”იმასთან რაც დღეს ვიხილეთ”.


”ჩვენ მხოლოდ 5 იანვრისთვის ვემზადებით. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გადატანილ იქნას საზოგადოებრივი ყურადღება რაღაც სხვა საკითხებზე, უშედეგო იქნება,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორებიდან.


მრეწველთა პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადამ, რომ ეს საკითხი ”ძალიან სერიოზულია”, რომელსაც სამართლიანი გამოძიება სჭირდება, თუმცა მან იქვე დასძინა: ”რთულია იმის გაგევა, ვინ რა თამაშს თამაშობს”.


    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button