ახალი ამბები

”რუსთავი 2” არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგებს აქვეყნებს

5 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს კანდიდატებს შორის პირველი ადგილი უკავია, იტყობინება ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) კვლევაზე დაყრდნობით.


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სააკაშვილის საარჩევნო შტაბის დაკვეთით ჩატარდა.


”რუსთავი 2”-ის ამ ინფორმაციას ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფის პროტესტი მოყვა. ლეიბორისტული პარტიის აქცივისტებმა ”რუსთავი 2”-ის მიერ შედეგების გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ტელეკომპანიის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.


”რუსთავი 2-მა გაუშვა  BCG-ის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ყალბი შედეგები, რომლის დამფუძნებელი ლევან თარხნიშვილი [ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე], ხოლო დირექტორი ანი თარხნიშვილია, ცესკოს თავმჯდომარის მეუღლე,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ საპროტესტო აქციაზე.


BCG-ის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 10 000 ადამიანი გამოკითხა 16-29 ნოემბრის მონაკვეთში.


გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 71.3% აცხადებს, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას 5 იანვრის არჩევნებში, იტყობინება ”რუსთავი 2”. 


ტელეკომპანია ასევე იტყობინება, რომ გამოკითხვის თანახმად, იმ გამოკითხულთა 54,5%, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მიხეილ სააკაშვილის აძლევს ხმას; მას მოყვება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე.


მესამე ადგილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს უკავია ხმების 14,5%-ით; შემდეგ მოდის დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი – 6.4%; შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი – 5.6% და გია მაისაშვილი, მომავლის პარტიის ლიდერი – 3.5%.


5 იანვარს ასევე გაიმართება პლებისციტი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობას – 63,6% მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს. 13,8% არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე მოითხოვს ხელისუფლების მსგავსად, ხოლო 22.6%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.   


 

მსგავსი/Related

Back to top button