
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დაშალეს
დღეს დილით, დაახლოებით 8 საათისთვის სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს და რამდენიმე პიროვნება დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულტა შორისაა ”თანასწორიბის ინსტიტუტის” წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ადამიანთა მცირე რაოდენობა იმყოფებოდა, მათ შორის მოშიმშილეები.
ოპოზიციამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მოშიმშილეებისათვის, რომლებსაც წვიმიან ამინდში უწევდათ ღია ცის ქვეშ ყოფნა, კარვების დადგმას აპირებდნენ პარლამენტის შენობის წინ.
დღეს დილით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაიქცეს. მისი თქმით, აუცილებელი იყო ასევე რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა.
”დიახ ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის კანონის მოთხოვნა,”- განაცხადა უგულავამ, ”2 ნოემბრის შემდეგ არანაირი ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე არ მოძრაობდეს არ არსებობდა”.
”ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება და ფეხით სავალ ნაწილზე თითოეულ ამ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი პროტესტი გამოხატოს, ამის შესაძლებლობა აქვს”, – განაცხადა უგულავამ.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დაგმო დილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დარბევის ფაქტი.
”მათ განაცხადეს, რომ თითქოს გახსნეს გზის სავალი ნაწილი, მაგრამ კადრებში აშკარად ჩანს, რომ რეალურად მოხდა კიბეებზე მდგომი მოშიმშილეების აყრა და წამოყვანა იქიდან და ზოგიერთი მათგანის დაკავება,”- განაცხადა სუბარმა.
”რაც შეეხება თბილისის მერის განცხადებას, რომ თბილისი არასოდეს არ იქნება კარვების ქალაქი, მე მას შევახსენებ, რომ კარვების ქალაქი თვეების განმავლობაში იყო კიევი და იქ დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხია,”- განაცხადა სუბარმა, ”როცა ხელისუფლება ვერ ითმენს შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლებას ეს დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს მხოლოდ”.