ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს მოუწოდებს არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ”კორექტული გამონათქვამებისაკენ” მოუწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.


”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისაგან,”- განაცხადა დღეს ბეჟუაშვილმა, ”საქართველოს ბედი წყდება საქართველოში, მისი მომავალი მთლიანად არის საქართველოს მოსახლეობის ხელში და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების. ამ სულისკვეთებით ჩვენ გვინდა მეზობლებთან ავაწყოთ ჩვენი ურთიერთობები”.


ოფიციალური თბილისის ეს განცხადებები გაკეთდა სერგეი ლავროვის შეფასების შემდეგ. ”კომენტირება იმ პოლიტიკური მოღვაწის [პრეზიდენტ სააკაშვილის] გამოსვლის მე არ მსურს. ფარსი, რომელიც თან სდევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, ნათელია ყველასთვის”, – განაცხადა 6 ნოემბერს სერგეი ლავროვმა.


ამ გამონათქვამებზე ახსნა-განმარტებებისათვის დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში გამოიძახეს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო. 


”ლავროვის გამონათქვამებში ნათქვამი იყო, რომ მან უსურვა ქართველ ხალხს უკეთესი ცხოვრება და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამას,”- განუცხადა ჟურნალისტებს კოვალენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ”მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ”.


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას რუსული ძალები უმაგრებენ ზურგს.

მსგავსი/Related

Back to top button