skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდებს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 23 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას ხელი შეუწყონ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას 2008 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით. შარშან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.


”ნუ ეწინააღმდეგებით ხალხის ნებას,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან, ”გთავაზობთ კრიზისის მოგვარებას დემოკრატიული არჩევნების გზით. გამოიყენეთ ეს შანსი, შეიტანეთ ცვლილება კონსტიტუციაში და არჩევნები თავის კანონიერ ვადებში ჩაატარეთ”.


კუკავა იმ ათი ოპოზიციური პარტიის სახელით გამოვიდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა. ისინი 2 ნოემბერს პარლამენტის წინ მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.


კუკავამ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ”ულტიმატუმი” არ არის, როგორც ამას მმართველი პარტია უწოდებს. მან იქვე აღნიშნა: ”2 ნოემბრამდე ულტიმატუმები არ იქნება”.


ახალმა მემარჯვენეებმა, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვეს ოპოზიციასთან გაერთიანებაზე, მაინც დაუჭირეს მხარი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.


”ფაქტია, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებამ ძალიან მაღალ დონეს მიაღწია,” – განაცხადა ”ახალი მემარჯვნეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”ვადამდელი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. ჩვენ გთავაზობთ არჩევნების ჩატარებას, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იყო გათვალისწინებული”.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის. ”თუმცა, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გამოვიყენებთ ულტიმატუმების ენას,” – დასძინა მან.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button