ქართული მხარე გაეროში რეზოლუციის მიღებამდე კონსულტაციებს მართავს
თბილისის სურვილია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნების უფლება და მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობა აისახოს აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რომლის მიღებაც 15 ოქტომბერს იგეგმება.
”ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სამი მომენტი იყოს რაც შეიძლება ნათლად დაფიქსირებული,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
დავით ბაქრაძე რამდენიმე დღეა კონსულტაციებს მართავს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში. იგი უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჟან მარი გიენოს, გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს ლესლი კრისტიანსს და უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს, მათ შორის გაეროში რუსეთის ელჩს ვიტალი ჩურკინს.
თბილისის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ რეზოლუციის ტექსში ”ადეკვატურად” აისახოს ის პროგრესი, რომელიც ქართულმა მხარემ ზემო კოდორის ხეობაში აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიაღწია.
აპრილის რეზოლუციაში უშიშროების საბჭომ მოუწოდა ქართულ მხარეს უზრუნველეყო კოდორის ხეობაში სიტუაციის შესაბამისობა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებასთან.
”ამ ჩანაწერის უცვლელად გადმოტანა უნდათ ახალ დოკუმენტში,”- განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში ირაკლი ალასანიამ, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ”თუმცა კონსულტაციებზე ჩვენის მხრიდან ვაყენებთ საკითხს, რომ იყო შესამჩნევი პროგრესი კოდორში და ეს ადეკვატურად უნდა აისახოს რეზოლუციაში”
”ქართული მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არის,”- აცხადებს დავით ბაქრაძე, ”პრობლემა, რომელიც დგას ზემო აფხაზეთში უკავშირდება აფხაზური მხარის და ნაწილობრივ, რუსი სამშვიდობოების აგრესიულ ქმედებებს”.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ აისახება რეზოლუციაში აფხაზეთში 20 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული ინციდენტი, რომელსაც გაეროს დამკვირვებელთა მისია იძიებს.
”ვიცით, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიის გამოძიების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და ამის შემდეგ გადაწყვეტს უშიშროების საბჭო რა ფორმით აისახება ეს რეზოლუციაში,”- განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)