skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი 18 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობიდან კოლეგებმა სცემეს.


ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ ამცნო. მისი განცხადებით, დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ვახტანგ ბალავაძემ და კობა დვალიშვილმა გია ცაგარეიშვილს იმ განცხადებების გამო გაუსწორდნენ, რომელიც უმრავლესობის მისამართით  მან რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გააკეთა.


14 სექტემბერს ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი პარტიის  140 დეპუტატს ”ღირსებაშელახული” და ”უღირსი” უწოდა, რომლებიც მისი თქმით, ”სულში ჩაფურთხებას იტანენ წლების მანძილზე და ხმას არ იღებენ”.


ამ განცხადების შემდეგ, კოკა გუნცაძის ინფორმაციით, ცაგარეიშვილს ვახტანგ ბალავაძემ დაურეკა და პარლამენტის შენობასთან შეხვედრა დაუთქვა.


”ცაგარეიშვილი დათანხმდა და მოგვიანებით მათ შეუერთდა კიდევ ერთი დეპუტატი უმრავლესობიდან  კობა დვალიშვილი და მესამე პიროვნება, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით გაურკვეველია,”- განაცხადა გუნცაძემ.


მისი თქმით, ცაგარეიშვილს კოლეგებმა ჯერ საქმე გაურჩიეს და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


ინციდენტის შემდეგ გია ცაგარეიშვილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდა და მსუბუქი ტრავმები დაუდასტურდა.


გია ცაგარეიშვილი და კოკა გუნცაძე მოიაზრებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდში და მისი მომავალი პარტიის პოლიტიკურ სახეებად.


”ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციონერი დეპუტატების დაშინებას ცდილობს,”- განაცხადა გუნცაძემ.


დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ვახტანგ ბალავაძემ ასევე დაადასტურა, რომ ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ის შეაფასა, როგორც მცირე შეკამათება.


”მე შევხვდი გია ცაგარეიშვილს და ეს შეხვედრა უკავშირდებოდა მის ბოლოდროინდელ განცხადებებს,”- განაცხადა ბალავაძემ, ”ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და მან აღიარა, რომ გააკეთა პოლიტიკურად არაკორექტული განცხადებები და ბოდიშიც მოიხადა”.


”მე დავტოვე იქაურობა მაშინ, როცა კობა დვალიშვილი მივიდა ცაგარეიშვილთან და დაიწყო მასთან საუბარი,”- აცხადებს ბალავაძე. ”რამდენადაც მე ვიცი, საუბრის დროს, გიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კობა დვალიშვილს, რაც გადაიზარდა მცირე კამათში, რომელიც წუთზე ნაკლები ხანი გაგრძელდა”.


კაბა დვალიშვილმა ასევე დაადასტურა ინციდენტი, თუმცა განაცხადა, რომ მისი პროვოცირება გია ცაგარეიშვილმა მოახდინა.


ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე დაგმეს ეს ინციდენტი, როგორც ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსის წინააღმდეგ ანგარიშსწორება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button