ცხინვალი ოსთა ყრილობას მასპინძლობს
ცხინვალში 18-19 სექტემბერს ოსთა საყოველთაო ყრილობა გაიმართება, რომელშიც სულ ცოტა 500 ეთნიკური ოსი მიიღებს მონაწილეობას 11 ქვეყნიდან, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
”გარდა რუსეთისა, ასევე ჩამოვლენ სტუმრები მაროკოდან, ბრაზილიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, სირიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აფხაზეთიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, ჩინეთიდან და ესტონეთიდან,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებისთვის, რომელიც შეეცდება იმის დემონსტრირებას, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას ეთნიკურ ოსებს შორის. ყრილობა ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 20 სექტემბერს უსწრებს წინ.
ღონისძიებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან გაძლიერებული დაპირისპირების ფონზე.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ოსები 22 ივლისს სოფელ თამარაშენში შეიკრიბნენ და სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუხატეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)