მოსკოვი ცხინვალზე დაგეგმილი ”მშვიდობის მარშის” წინააღმდეგ აფრთხილებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თბილისს უარი თქვას ეთნიკური ოსების მონაწილეობით ცხინვალზე დაგეგმილ ე.წ. ”მშვიდობის მარშზე”, რაც ”საზოგადოებრივი ინიციატივის” საფარქვეშ იგეგმება და რეგიონში სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას გამოიწვევს.
”სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გართულების შემთხვევაში რუსეთი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რომელიც განსაზღვრულია სამშვიდობო და საშუამავლო მისიებით, პასუხისმგებლობით რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 14 სექტემბერს.
მოსკოვის ინფორმაციით, ”მშვიდობის მარშის” მზადებაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული. თუმცა თბილისი უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები ოსების მობილიზებაში.
”იგეგმება რამდენიმე ათასი ადამიანის შეგროვება,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ვისი მიზიდვაც ფულადი შეთავაზებებით ვერ ხერხდება, მათ მიმხრობას დაშინების გზით ცდილობენ”.
აქციის ორგანიზატორების საკმაოდ შორს გამიზნული განზრახვები, მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლება, ძალიან საშიშია რეგიონში არსებული ვითარებისათვის, სადაც ”ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ისედაც არ შემცირებულა”.
”შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს მოსალოდნელი სცენარი: პროვოცირებული იქნება მარშის მონაწილეების შეტაკებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან და სამშვიდობოებთან- [ამის შემდეგ რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი] სანაკოევი მიმართავს თბილისს თხოვნით დაამყაროს წესრიგი – მოქმედებაში მოდის კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის გეგმები, რომელსაც ქართული მხარე დიდი ხანია ამზადებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და ხაზს უსვამს, რომ 1989 წელს რეგიონში კონფლიქტი ანალოგიურ საფუძველზე დაიწყო.
მოსკოვის განცხადებით, ”მშვიდობის მარშის” კიდევ ერთი მიზანია სექტემბრის მეორე ნახევარში თბილისში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლა, რომლის ჩატარებაც ”ქართული მხარის ბრალით” ვერ აგვისტოში მოხერხდა წითელიუბნის ინციდენტის ”მომიზეზებით”.
”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჟინებით მოუწოდებს თბილისს უარი თქვას ცეცხლთან უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ თამაშებზე, ”- აცხადებს ოფიციალური მოსკოვი და საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ეუთოს, პრევენციული განცხადებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს.
”მშვიდობის მარშთან” დაკავშირებით პირველი ბრალდებები აგვისტოში ცხინვალიდან გაისმა. თუმცა, მსგავსი გეგმები უარყვეს როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის ”კოკოითი ფანდარასტ”-ის ლიდერებმა, ისე ოფიციალურმა თბილისმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)