skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში გადაადგილებას ზღუდავს

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, 1 სექტემბრიდან იზღუდება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული მხარის მიერ დაგეგმილი ”პროვოკაციებისგან მათი დაცვის მიზნით”.   


თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი პროვოკაციულ ქმედებებს ამზადებს, რაც მიზნად ისახავს 20 სექტემბერს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩაშლას.


”ამ პროვოკაციის ფარგლებში, ქართველი სამართალდამცავები შეეცდებიან ოსების გადმობირებას შანტაჟის გზით. არსებობს იმის საშიშროება, რომ ოსებს, რომლებიც საქართველოში ჩავლენ, დააკავებენ ან ნარკოტიკებს ჩაუდებენ, რათა შემდეგ ციხეში ჩასმის მუქარით აიძულონ ისინი ითანამშრომლონ ქართულ მხარესთან,” – განაცხადა მინძაევმა.


მინძაევის თქმით, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით 1 სექტემბრიდან სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადიან.


მან ასევე აღნიშნა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდეგ მოიხსნება. 
 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button