ახალი ამბები

წყაროს ცნობით, რუსულ თვითმფრინავს შესაძლოა ოსურმა მხარემ გაუხსნა ცეცხლი

მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, რაკეტა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მახლობლად კი არ გაისროლა, არამედ უბრალოდ ჩამოაგდო, იტყობინება სააგენტო “როიტერი“ ქართულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც გამოძიების პროცესში მონაწილეობს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ ”სივილ ჯორჯიას“ 8 აგვისტოს დაუდასტურა, რომ ეს ვერსია განიხილება გამოძიების მიერ.


ამ ვერსიის მიხედვით, სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა SU-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ”სტრელას“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს. როგორც ჩანს, ამან პილოტის შეცდომა გამოიწვია, რომელმაც რაკეტა კი არ გაისროლა, უბრალოდ თავიდან მოიშორა და თვითმფრინავიდან ჩამოაგდო, რამაც გამოიწვია ის, რომ რაკეტა არ აფეთქდა, იტყობინება ”როიტერი.“


აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია ემთხვევა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების რუსი მეთაურის მარატ კულახმეტოვის 7 აგვისტოს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თვითმფრინავს ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის იარაღი იყო გამოყენებული თვითმფრინავის წინააღმდეგ.


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით შიდა ქართლში 6 აგვისტოს რუსული წარმოების, რადუგა KH-58 ტიპის, ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოვარდა. რაკეტა აღჭურვილი იყო 140 კილოგრამიანი ტროტილის (TNT/RDX) მატარებელი ქობინით.


აღნიშნული რაკეტა ჩამოვარდა სოფლებს შავშვებსა და წითელიუბნის სიახლოვეს,  დაახლოებით 80 კმ–ის დაშორებით რუსეთის საზღვრიდან და თბილისიდან დაახლოებით 65 კმ–ში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button