ახალი ამბები

ქართულმა პოლიციამ ცხინვალის რეგიონში რუსი ჟურნალისტები დააკავა

რუსული ტელეკომპანია RTR-ის განცხადებით, მისი თანამშრომლები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შესახებ სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდნენ, ქართველმა სამართალდამცავებმა 12 ივლისს დააკავეს.


ჟურნალისტ  ანდრეი ჩისტიაკოვს და ოპერატორ იგორ სტურიტს, რომლებიც სოფელ ქურთაში დააკავეს, შერეული სამშვიდობო ძალების აკრედიტაცია ჰქონდათ, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. ამავე ცნობით, შერეული სამშვიდობო ძალების აკრედიტაცია საკმარისია კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტების მუშაობისთვის.


”თვითმხილველებისგან გავიგეთ, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები მიუახლოვდნენ მათ [ჟურნალისტებს], დააკავეს ისინი და ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს,” – განუცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ საინფორმაციო პროგრამა ”ვესტის” სატელეფონო საუბარში.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იტყობინებოდა, რომ რუსეთის ორი მოქალაქე, გავრცელებული ინფორმაციით ჟურნალისტები, სოფელ კეხვის მახლობლად დააკავეს ”უნებართვო ვიდეო გადაღების გამო”.


ქართველ სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქეები დააკავეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და მათ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი. ჩვეულებისამებრ, რუსეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში როკის გვირაბის გავლით შედიან, ქართული სასაზღვრო კონტროლის გარეშე.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button