ახალი ამბები

სუბარი: საკუთრების ხელყოფის ფაქტები არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით ”ძალიან შემაშფოთებელია” საკუთრების სხვადასხვა მეთოდებით ხელყოფის ფაქტები, რომელთაც ბოლო რამდენიმე თვეა ადგილი აქვს.


”ის, რომ მიდიან და ანგრევენ  სხვის საკუთრებას, ან აწერინებენ ჩუქების ხელშეკრულებებს, ან ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენციაა, რომ აწერინებენ მიყიდვის ხელშეკრულებებს და სახელმწიფოსთვის მილიონის [ღირებულების] ქონების მიყიდვა ხდება 15 ათასად და ამ ფულზეც ხელს აწერინებენ, რომ ვითომ მიიღო და სინამდვილეში არ აძლევენ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა 16 აპრილს.


”ეს მაგონებს 20-30-იან წლების საბჭოთა პოლიტიკას, როდესაც ასე უაპელაციოდ ართმევდნენ ქონებას და პირიქით, მესაკუთრეებს სჯიდნენ იმის გამო, რომ მათ ეს საკუთრება ჰქონდათ,”- აღნიშნა მან მას შემდეგ, რაც დაზარალებულ მესაკუთრეებს გაესაუბრა.


თბილისში, რიყეზე განთავსებული რესტორნების ყოფილმა მფლობელებმა, რომელთაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაახლოებით სამი თვის წინ აჩუქეს თავიანთი ქონება, საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს მათი კუთვნილებაში მყოფი შენობების ნგრევის პროცესი დაიწყო.


ყოფილი მესაკუთრეები აპირებენ მიმართონ სასამართლოს, რათა გაუქმდეს, მათი განცხადებით, ზეწოლის პირობებში დადებული ჩუქების ხელშეკრულებები. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ასევე რესტორნების დემონტაჟის ზაფხულის ბოლომდე გადავადება.


თუმცა ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა მაქაცარია აცხადებს, რომ ქონების ყოფილ მეპატრონეებს მიცემული ჰქონდათ სამთვიანი ვადა  – 15 აპრილამდე დაეცალათ შენობები და ამიტომ ნგრევის პროცესი არ გადავადდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button