skip to content
ახალი ამბები

კოვალენკომ და ლომაიამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრეს

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ და განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ 14 მარტს სამინისტროში გამართულ დახურულ შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებასა და საქართველოში რუსული კერძო სკოლის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

რუსეთის ელჩმა “სინანული  გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა დღეისათვის  ფაქტიურად აღარ ფლობს რუსულ ენას,” იტყობინება საქართველოს განათლების სამინისტრო.


”ახალგაზრდობის ამგვარი მიდგომა შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ისინი დღეისათვის ვერ ხედავენ აუცილებლობას რუსული ენის შესწავლისა, რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციების გამო”, – აღნიშნა ალექსანდრე ლომაიამ.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ლომაიამ შეხვედრაზე ასევე დააყენა 1 მარტს  აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებული სამი სტუდენტის გათავისუფლების საკითხი. მან მოუწოდა რუსეთის ელჩს დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.


მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოხატა გასული წლის ბოლოს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტებისა და მოსწავლეების დევნის ფაქტთან დაკავშირებით.


ალექსანდრე ლომაიამ ელჩთან საუბარში ასევე  აღნიშნა, რომ დაუშვებლად მიიჩნევს  სამხრეთ ოსეთის ა.თიბილოვის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მიერ რუსული ნიმუშის დიპლომების გაცემის პრეცენდენტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button