skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული რეგიონები მიესალმებიან რუსეთის სათათბიროს განცხადებებს

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოფიციალური პირები მიესალმნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ განცხადებებს და მათ “გარღვევა“ უწოდეს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 6 დეკემბერს მიღებულ ორ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხების მისწრაფება დამოუკიდებლობისადმი.


აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ ამ განცხადებების მიღებით რუსეთის პარლამენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის საზოგადოების იმ კანონიერ მოთხოვნებს, რომლებიც სოხუმში 6 დეკემბერს გამართულ საზოგადოებრივ შეკრებაზე იქნა გამოთქმული, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებებს “არსებული რეალობების ობიექტური შეფასება“ უწოდა.   


“ის ფაქტი, რომ რუსმა დეპუტატებმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს გაითვალისწინონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 8 დეკემბერს მურატ ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button