ახალი ამბები

პრეზიდენტი გაეროს რეზოლუციაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის შესახებ 13 ოქტომბერს  მიღებული რეზოლუციის ტექსტში “ერთი–ორი მომენტი“ თბილისისთვის საკამათოა, თუმცა იგი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ რუსეთის დიპლომატიის კოდორის ხეობასთან დაკავშირებული ორი ძირითადი მოთხოვნა რეზოლუციაში არ აისახა.


“ერთი, უპირობო დაგმობა საქართველოს ოპერაციის კოდორის ხეობაში/ზემო აფხაზეთში, რაც თავისთავად იქნებოდა სერიოზული იურიდიული ძალის მქონე, თუმცა არა სავალდებულო და მეორე და მთავარი, რისთვისაც იბრძოდნენ, ამ ოპერაციამდე, ე.ი ივლისის თვემდე არსებული სტატუს კვოს აღდგენა ანუ კოდორიდან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გამოყვანა და ზემო აფხაზეთისთვის სახელის შეცვლა“, – განაცხადა 13 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


“ყველას უნდა ესმოდეს, რომ არა მხოლოდ არცერთი მისხალი უკვე გაკონტროლებული ტერიტორიის არ გადაეცემა უკან სეპარატისტებს და ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მესამედი, არამედ ჩვენ ვაპირებთ გავაფართოვოთ საქართველოს და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების კონტროლი, ყოფნა და ოპერირება ამ ტერიტორიებზე“ – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან არ დააკონკრეტა გაეროს რეზოლუციაში ასახული ის მომენტები, რომელიც თბილისისთვის “საკამათოა“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს რეზოლუციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც რუსი სამშვიდობო ძალების მნიშვნელოვან “მასტაბილიზებელ როლზეა“ საუბარი, აცხადებს, რომ “ქართული მხარე შესაბამის დროსა და ვითარებაში განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის და არსებული კონტინგენტის ინტერნაციონალური ძალებით ჩანაცვლების მიზნით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button