ახალი ამბები

დავითაშვილი ვიდეო–კომპრომატზე კომენტარს აკეთებს

თბილისის საკრებულოს წევრმა, კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია, როცა მაისში ალადინ მირზაევისაგან მისი პარტიისთვის შემოწირულობის სახით 20 ათასი დოლარი აიღო.

“მაისში არც არჩევნები იყო დანიშნული, არ არსებობდა არც საარჩევნო ბლოკი, არც საარჩევნო ფონდი და კაცმა შემოიტანა შემოწირულობა პარტიაში. რა არის ამაში კანონის დარღვევა?“, – აცხადებს კობა დავითაშვილი. 


მან სპეციალური პრესკონფერენცია მას შემდეგ გამართა, რაც ქართულმა ტელეკომპანიებმა აჩვენეს ფარული ვიდეო–ჩანაწერი, სადაც დავითაშვილი მირზაევს პარტიულ სიაში მოხვედრის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ართმევს.


“მე ვითვალისწინებდი ამის შესაძლებლობას, მაგრამ შევაფასე რა ჩემი ქმედებები და ვერ დავინახე მასში ვერც კანონდარღვევა და ვერც რაიმე განსხვავებული ჩემს მანამდელ საქმიანობასთან, იგივე ნაციონალურ მოძრაობაში, მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.


მისი თქმით, აკაკი კაპანაძე კონსერვატიული პარტიის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც მიაწოდა ტელეკომპანიებს ვიდეო–ჩანაწერი და წერილი, სადაც აცხადებს, რომ თავად განახორციელა ფარული ჩაწერა და დააკავშირა მირზაევი კობა დავითაშვილთან, “შემოგზავნილი აგენტია“.


“მისი ამოცანა არის რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში ჩაითრიოს პარტიის ხელმძღვანელი, ვერ ახერხებს, დუმან მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე და შემდეგ ისე აშინებთ ჩვენი 130 ათასი ხმა მიღებული მთელი საქართველოს მასშტაბში, რითაც ჩვენ თავისუფლად ვლახავთ 7%–იან ბარიერს, რომ დღეს აქვეყნებენ ამ მასალას“, – აცხადებს კობა დავითაშვილი და აქვე ეჭვს გამოთქვამს, რომ ვიდეო–ჩანაწერი ერთი ადამიანის ინიცირებული ვერ იქნებოდა.


მისი თქმით, მირზაევის ინტერესში საერთოდ არ იყო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, “მას სურდა პარტიის მხარდაჭერა და ჩართვა აქტიური პოლიტიკურ ცხოვრებაში…საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა“.


“ეს ადამიანი ჩვენ მადლიერების ნიშნად ჩავწერეთ სიაში, თანაც ისეთ ადგილზე, რომელიც გამსვლელი არ იყო“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა. 


ალადინ მირზაევს  რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკის თბილისის საკრებულოს კანდიდატთა სიაში მე–5 ადგილი ეკავა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button