სხეფერი რუსეთსა და საქართველოს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ზრდის ფონზე ორ ქვეყანას “თავშეკავებისა და ესკალაციის შემცირებისკენ” მოუწოდა.
29 სექტემბერს სლოვენიაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო არ ჩაერევა “პირდაპირ“ ამ საკითხში.
“რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ივანოვმა ნათლად დააფიქსირა რუსეთის პოზიცია. ეს, რა თქმა უნდა, ორმხრივი საკითხია რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის. ნატო, რა თქმა უნდა, არ თამაშობს პირდაპირ როლს ამაში. მიუხედავად ამისა, მე ვთხოვე ჩემი სამსახურის წარმომადგენელს გაესაუბროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. რადგანაც, მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ნატოსა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის კუთხითაც. ასევე, ჩემი სახელით, გაკეთდა მოწოდება თავშეკავებისა და ესკალაციის შემცირებისკენ და ეს ეხება ორივე მხარეს. ეს ეხება როგორც საქართველოს, ისე ჩვენს რუს მეგობრებს. მაგრამ, კვლავ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელშიც ნატო პირდაპირ ჩაერევა, გარდა ჩემი მოწოდებისა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სხეფერმა ეს განცხადება პრესკონფერენციის დაწყებისას გააკეთა და განუცხადა ჟურნალისტებს “თქვენ შესაძლოა დამისვათ შეკითხვა – და მე ამას არ გამოვრიცხავ ნატო-რუსეთის საბჭოს შემდეგ – საქართველოს შესახებ, რომელზეც ახლა ყველა ფიქრობს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)