ახალი ამბები

სუამ–ის მინისტერიალმა სამშვიდობო ძალების შექმნაზე იმსჯელა

25 სექტემბერს ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა)საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდა საქმიანობის გააქტიურება სუამ-ის სამშვიდობო ძალებისა და სამოქალაქო-საპოლიციო ქვედანაყოფის დროულად ჩამოყალიბების მიზნით.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამ-ის არეალში არსებული კონფლიქტების მოგვარებასა და ამ საკითხის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე განხილვის საკითხს.


სუამ-ის მინისტერიალმა მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და “გაიზიარა“ ქართული მხარის მიდგომები მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო ოპერაციების ფორმატების შეცვლის თაობაზე.


“გადაწყდა, რომ მომავალში იმსჯელებენ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში სუამის სამოქალაქო-საპოლიციო ძალების გამოყენების შესაძლებლობაზე“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


სუამ–ის მინისტრთა საბჭომ ასევე დაამტკიცა 2007 წლის ბიუჯეტი და ორგანიზაციის პირველ გენერალურ მდივნად აირჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი ვალერი ჩეჩელაშვილი.


ნიუ–იორკში ასევე გაიმართა შეხვედრა სუამ-აშშ-ს ფორმატით, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დევიდ კრამერმა მიიღო მონაწილეობა. დაიგეგმა სუამ-აშშ–ს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button