ახალი ამბები

ლავროვი საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე საუბრობს

რუსეთს სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციაში მოუწოდოს საქართველოს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში.


ლავროვი ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგებზე ესაუბრა. შეხვედრა ნიუ-იორკში 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა.


“ჩვენი პარტნიორები შეშფოთებული არიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში არსებული ვითარების გამო“, – განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, რუსულმა მხარემ აცნობა მეგობარი ქვეყნების ჯგუფს ზემო კოდორის ხეობაში ჯარების განთავსების გამო “ქართული მხარის მიერ არსებული შეთანხმებების დარღვევის“ შესახებ. 


ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე შეშფოთებულია ქართული მხარის უარის გამო ნება დართოს რუს სამშვიდობოებს გაეროს დამკვირვებლებთან ერთად განახორციელონ ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი.


“ჩვენ ასევე მივაპყარით ჩვენი პარტნიორების ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქართველო დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობს თავდასხმითი მიზნებისთვის”, – განაცხადა ლავროვმა.


“იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თვეში, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოში დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ რეზოლუციას განიხილავს, უშიშროების საბჭოს წევრები ამ დოკუმენტში ასახავენ პრინციპულ შეფასებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ფაქტებზე და მოუწოდებს ქართულ მხარეს შეასრულოს ვალდებულებები, ხოლო აფხაზურ მხარეს განაახლოს მოლაპარაკებები. რამდენადაც ვიცი, აფხაზური მხარე მზად არის ამისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


“[აფხაზეთის ლიდერმა] სერგეი ბაღაფშმა კონკრეტული გეგმა წარმოადგინა განსახილველად თავის ქართველ კოლეგებთან, რომელსაც ეწოდება “მომავლის გასაღები“. არსებობს ქართული მხარის წინადადებაც, რომელსაც “საგზაო რუქა“ ეწოდება. აფხაზური მხარე, როგორც მე მესმის, მზად არის ამ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოძებნოს ერთობლივი გზა სიტუაციის ნორმალიზებისკენ. ჩვენ მოვითხოვთ ამ ელემენტების ასახვას რეზოლუციაში, რომელსაც უშიშროების საბჭო ოქტომბერში დაამტკიცებს“, – განაცხადა ლავროვმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონფლიქტების ზონებში განლაგებულ რუს სამშვიდობოებზე საუბრისას ფაქტები დაამახინჯა.

“ვფიქრობ “ცხელი“ და არა “გაყინული“ კონფლიქტების არსებობა ამ რეგიონში [სამხრეთ კავკასიაში] არ შედის მათ [ქვეყნების] ინტერესებში, ვინც ცდილობენ გავლენა იქონიონ იქ [რეგიონში]“, – განაცხადა ლავროვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button